სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა ფინანსთა მინისტრს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ თანხას სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ.

„როგორც წესი, მოსახლეობასთან დიალოგი ყველას საარჩევნოდ ახსენდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ არჩევნებს დასრულების შემდეგ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თითქმის, ორი წლით ადრე, თითოეულ სოფელში შევხვდეთ მოსახლეობას, მოვისმინოთ მათი პრობლემები, ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები. ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება პროგრამის გაორმაგების შესახებ და წელს ამ მიმართულებით 40 მლნ ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფელ ზეღდულეთში ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორისაა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, გარე განათების მოწესრიგება, გმირთა მემორიალის მშენებლობა და მიმდინარე სხვა საკითხები.

სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით წელს ზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან აღდგა. 15 იანვრიდან დღემდე, უკვე გაიმართა ათასზე მეტი სოფლის კრება.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სულ 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 40 მილიონი ლარი.