სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პურზე ფასი შენარჩუნდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პურზე ფასი შენარჩუნდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პურზე ფასი შენარჩუნდება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდებიან სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას, ყოველ ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად.

სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს.