სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოებისას ფერმერები კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს ითვალისწინებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოებისას ფერმერები კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს ითვალისწინებენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.

„ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.