სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რთველი წელსაც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რთველი წელსაც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

რთველის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები, მოსამზადებელი სამუშაოები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო ჩასაბარებელი ყურძნის ფასის დადგენაში არ ჩაერევა და 2019 წლის რთველიც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის.

„გასულ წელს, რთველის პროცესში, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს წარმატებული თანამშროლობა და შეთანხმებების მიღწევა. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო 2019 წლის რთველის პროცესშიც ჩაერთვება ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით.

მიმდინარე წელს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქართული ღვინის ხარისხის კონტროლზე, რადგან ქართული ღვინო გახდეს კონკურენტუნარიანი, ხარისხის გაუმჯობესების პროცესი იყოს შეუქცევადი და ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ კლასის სეგმენტში“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.