სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-ისგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-ისგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან (DTRA) პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს.

საჩუქრების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარგო შილდსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და დირექტორის მოადგილე – ანა გულბანი ესწრებოდნენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.

რაიან ჰარკერ ჰარისმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები დადებითად შეაფასა, ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.