სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში 17 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი იწყება
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში 17 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი იწყება

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ დახმარებით ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრაზე, რომელსაც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში როს ვილსონი, ასევე ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ხანგრძლივობა 5 წელია, რომლის ბიუჯეტიც 17 მლნ აშშ დოლარი შეადგენს.

ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას პროდუქტიულობის გაზრდის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობის გზით.

„მესაქონლეობის დარგში კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციების დანერგვის, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის მხარდაჭერა. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან საშუალო და მსხვილი ფერმერები და მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით“, – აღნიშნულია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.