სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ​ - აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ​ - აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფასდაკლების ბარათებისა და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის მიზნით, პირველ ეტაპზე, ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს პირველ ივლისამდე, აუცილებლად, პირველ ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარები 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე კი, ბენეფიციარები პირველ სექტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო მესამე ეტაპზე, პირველი სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებიც. ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.