სოფლების ჭყვიშისა და ჭაგანის ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება
სოფლების ჭყვიშისა და ჭაგანის ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭყვიშისა და ჭაგანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და სახნავ-სათეს მიწებს და სახლებს დაახლოებით 150 მეტრით მიუახლოვდა. მათი თქმით, მდინარე რიონში წყლის დონის კიდევ ერთხელ მომატება საკმარისი გახდება, რომ წყალმა სოფლის დიდი ნაწილი წაიღოს.

მდინარის წყალმა აღნიშნულ სოფლებში საცხოვრებელი სახლები რამდენჯერმე დატბორა, რა დროსაც განადგურდა საოჯახო ტექნიკა, ავეჯი და დაიხოცა მსხვილფეხა პირუტყვი. მოსახლეობა მდინარის დამცავი დამბის აშენებას ითხოვს.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მდინარემ საშიშროება გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებსაც შეუქმნას. თუმცა სახლ-მუზეუმების დირექტორი ფერიდე მატარაძე საშიშროებას გამორიცხავს. მისი თქმით, სახლ-მუზეუმების ეზოს დამბა იცავს.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. ვანის მუნიციპალიტეტის მერის ალეკო გოგორიშვილის ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სპეციალისტები და ამ დროისთვის, გზების დეპარტამენტი პროექტირების სამუშაოებს აწარმოებს.

ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საერთო ჯამში 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.