სოფიო ვერძეული - სასამართლო სისტემა უფრო ჯანსაღი იქნება, თუ მოსამართლეები თავად გადაწყვეტენ, ვინ იყოს სასამართლოს თავმჯდომარე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის, სოფიო ვერძეულის შეფასებით, სასამართლო სისტემა გაცილებით უფრო ჯანსაღი იქნება, თუ მოსამართლეებს საშუალება მიეცემათ, თავად აირჩიონ სასამართლოს ან კოლეგია\პალატის თავმჯდომარე.
როგორც ვერძეულმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გამართული განხილვის შემდეგ განაცხადა, ამ მხრივ, არსებობს სამი მიდგომა – წილისყრა, როტაცია და არჩევა, საიდანაც ის უპირატესობას არჩევას ანიჭებს.
„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ რამდენიმე წელია, ითხოვს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამწესების წესის ცვლილებას. ჩვენ ვფიქრობთ, გაცილებით უფრო დემოკრატიული და ჯანსაღი იქნება სისტემა, თუ კონკრეტული სასამართლოს წევრებს, მოსამართლეებს მიეცემათ საშუალება, გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათი სასამართლოს თავმჯდომარე და დანიშვნა არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. წლების განმავლობაში თავმჯდომარეები მიიჩნევიან კონკრეტული სასამართლოს დირექტორებად, მათი უფლება-მოსილებებისა და სხვა სტატუსის გათვალისწინებითაც ეს არის ასე“, – განაცხადა ვერძეულმა და აღნიშნა, რომ ეს ცნობიერება შესაცვლელია, რასაც საკანონმდებლო დონეზე ცვლილება სჭირდება.
მისი თქმით, თავმჯდომარეთა არჩევითობა და ამ პროცესში სასამართლოს მონაწილეობა არსებული ცნობიერების გარდატეხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ეხებოდა. ცვლილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა.