სოფიო ქაცარავა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუშაობას მეტად თანმიმდევრულსა და ეფექტიანს გახდის
სოფიო ქაცარავა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუშაობას მეტად თანმიმდევრულსა და ეფექტიანს გახდის

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიაში ასახულია ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საგარეო პოლიტიკის შესახებ 2016 წელს რეზოლუციაში ავსახეთ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომელმაც დღეს თავისი კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

„მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მას დიდი დატვირთვა აქვს. სტრატეგიაში ასახულია ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ 2016 წლის ბოლოს რეზოლუციაში ავსახეთ. ეს დოკუმენტი კომიტეტის მუშაობას კიდევ უფრო თანმიმდევრულსა და ეფექტიანს გახდის“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

„ეს არის ძალიან დეტალური გეგმა: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა, საპარლამენტო და საკანონმდებლო დონეზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მუშაობა. ეს ყველაფერი დეტალურად გაწერილია, რომ ჩვენი კომიტეტის მუშაობა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ქაცარავამ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ წარადგინა.