სოფიო ქაცარავა - საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
სოფიო ქაცარავა - საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან დაახლოების პროცესში,  ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს მთავარ მიზანთან, რაც ალიანსის სრულფასოვანი წევრობაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“  წვრთნების ჩატარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა  და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანასა და  მთლიანად რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოებას განმტკიცებისთვის. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი განვითარება, გაძლიერება, მათი თავსებადობის დაახლოება ნატო-სთან და ზოგადად,  ქვეყნის წვლილის გაზრდა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში. ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ“,-აცხადებს სოფიო ქაცარავა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სწავლება ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველო თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის ღირსეული და სანდო პარტნიორია.

„ მნიშვნელოვანია, რომ  სწავლებაში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რაც ცალსახად ადასტურებს, რამდენად ღირსეული და სანდო პარტნიორები ვართ მათთვის. ეს არაერთხელ დაამტკიცეს ჩვენმა სამხედროებმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ჩართულობით. მჯერა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან დაახლოების პროცესში ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზანთან, რაც ალიანსის სრულფასოვანი წევრობაა“,-აცხადებს სოფიო ქაცარავა.