სოფიო ქაცარავა - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის შენარჩუნება აშშ-ის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი გზავნილი და ფაქტია  
სოფიო ქაცარავა - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის შენარჩუნება აშშ-ის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი გზავნილი და ფაქტია  

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის  შენარჩუნება აშშ-ის ბიუჯეტში, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს აშშ-დან აქვს ორპარტიული მხარდაჭერა,  – ასე აფასებს აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის შენარჩუნებას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელსაც  პრაქტიკული დატვირთვაც აქვს.

„როგორც 2017 წელს, წელსაც არის ჩანაწერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ მიიღებენ დაფინანსებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ წელს კიდევ უფრო გაიზარდა ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილი და ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან როგორც კონგრესიდან, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან და საქართველო დგას აშშ-ს დღის წესრიგში“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

​2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.