სოფიო ქაცარავა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშშ-ის მხრიდან ასეთი მტკიცე პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას.
სოფიო ქაცარავა აღნიშნავს, რომ მსგავს გზავნილებს დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი იდგმება. შესაბამისად, ის აშშ-ის პოზიციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის განმავლობაში ამერიკამ ამ პრობლემის ირგვლივ ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა.
„ეს გამოიხატა არაერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში. ის, რომ ყოველთვის არის საზოგადოებრივი თანამეგობრობის მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან ასეთი მყისიერი და მტკიცე პოზიცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნავს სოფიო ქაცარავა.
პირველი არხის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა აშშ-ის გზავნილები რაიმე სახით აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, სხვა მსგავსი შეფასებების მსგავსად, არის მნიშვნელოვანი, რადგან საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად რუსეთის საწინააღმდეგოდ პოზიციონირებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას. „ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია – აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.