სოფიო ქაცარავა პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას
სოფიო ქაცარავა პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით პარაგვაის ესტუმრება, სადაც პარაგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პარაგვაის პარლამენტის წევრებთან და ინაუგურაციაში მონაწილე ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას წარმოადგენს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. პარაგვაი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთი სფერო იკვეთება. ეს ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, განვიხილოთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავთ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან, სადაც საშუალება გვექნება განვიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიც არის თანამშრომლობა პოლიტიკურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის დახვეწა, ხალხთაშორისი კავშირების გამყარება, ტურიზმი და სხვა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად,  შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარაგვაიში ირაკლი ყურაშვილი.