სოფიო ქაცარავა - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა
სოფიო ქაცარავა - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სოფიო ქაცარავამ დადებითად შეაფასა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია კონფლიქტის პრევენციისკენ, მედიატორის როლის შესრულებასა და კონფლიქტურ რეგიონებში ზიანის შემცირებისაკენ, ასევე ფოკუსირებულია ადამიანის საჭიროებებზე.

სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლოებით 400,000 დევნილზე, რომლებიც იძულებით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველს რეგიონების ოკუპაცია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებაა.

„ბევრი თქვენთაგანი ადგილზე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების კუთხით. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, რომელიც 21-22 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში იმართება, საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ესწრებიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.