სოფიო ქაცარავა - ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. შავი სია ვერ იქნება იმის გამართლება, რაც ტატუნაშვილთან მიმართებით მოხდა
სოფიო ქაცარავა - ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. შავი სია ვერ იქნება იმის გამართლება, რაც ტატუნაშვილთან მიმართებით მოხდა

„ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. განცხადებას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ე.წ. შავი სია ვერანაირად ვერ იქნება გამართლება იმისა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან მიმართებით”- სოფიო ქაცარავა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი, რამდენიმე ქართველ მაღალჩინოსანთან ერთად, ოსი ხალხის გენოციდში ბრალდებულთა სიაში იყო, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა.

„ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. განცხადებას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ე.წ. „შავი სია“ ვერანაირად ვერ იქნება გამართლება იმისა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან მიმართებით. ამ დროისთვის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ყველაფერი კეთდება ამისთვის. ყველანაირ ფორმატსა და ბერკეტს ვიყენებთ ამისათვის და რა თქმა უნდა მეორე, მთავარი ამოცანა არის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ ამ ფაქტის გამოძიება, რაშიც საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოთქვა სურვილი, რომ დაგვეხმარონ და ხელი შეგვიწყონ“, – აღნიშნავს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა.

საკითხს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობაც“. ხატია დეკანოიძის თქმით, მსგავს განცხადებას ე.წ. პროკურატურა ტატუნაშვილის მკვლელობის გასამართლებლად ავრცელებს, მისი ცხედრის გადმოსვენებას კი იმიტომ აჭიანურებს, რომ მასზე ძალადობის კვალი დამალოს.

დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები ხელისუფლების ნაბიჯების შედეგია, როდესაც მისი თქმით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საკითხმა აქტუალობა დაკარგა და მათ შორის, როდესაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც ეწინააღმდეგება და ამბობენ, რომ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციაში ეს პუნქტიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ოკუპანტი არის ოკუპანტი, შესაბამისად, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეალურად, რომ გაამართლოს ეს არაადამიანური ქმედება თავისი თვალთახედვით, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება დაირღვა, ადამიანის უფლებები დარღვეულია და ცხედრის გადმოცემა იმიტომ არ ხდება, ცინიკურად ხაზს ვუსვამ, რომ ადამიანი ნაწამებია, ზუსტად ვიცით ამის შესახებ და არ უნდათ, რომ ეს კვალი ქართულმა საზოგადოებამ ნახოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება გატარდეს ახლა, საერთაშორისო დონეზე, პარტნიორები აქტიურად ჩაერთონ, რომ დავიბრუნოთ ცხედარი და ის ორი ადამიანი უვნებლად დაბრუნდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე” – აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.