სოფიო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტზე განხილულ ანგარიშში საქართველო მოხსენიებული არის ქვეყნად, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა
სოფიო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტზე განხილულ ანგარიშში საქართველო მოხსენიებული არის ქვეყნად, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გაიხსნა და ორ სხვადასხვა კომიტეტში უკვე გვქონდა ორი ანგარიშის განხილვა, ყველა ანგარიშში საქართველო მრავალჯერ არის მოხსენიებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნატო-ს ასამბლეის 65-ე პლენარული სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა სოფიო ქაცარავამ განუცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, ყველა განხილულ ანგარიშში ხაზგასმულია ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთალიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გაიხსნა. უკვე გვქონდა ორი ანგარიშის განხილვა ორ სხვადასხვა კომიტეტში. მთავარი არის ის, რომ საქართველო ყველა ანგარიშში მრავალჯერ არის მოხსენიებული და აღნიშნულია ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ხაზს გავუსვამ პირველ რიგში ოკუპაციის საკითხს; ალიანსი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, ნახსენებია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აგრესია.

ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა არის დემოკრატიული ფასეულობები, სწორედ ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაკეთებული ორივე ანგარიშში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის ანგარიშში არის ხაზგასმული. კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებაში, საქართველო მოხსენიებული არის ქვეყნად, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და შედარებული არის ნატო-ს ამჟამინდელ 10 წევრ ქვეყანასთან, რომლებსაც საქართველო უსწრებს კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში. დემოკრატიის ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ, მყარად დგას და ამ ყველაფერში ნატომ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს.