სოფიო ქაცარავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან
სოფიო ქაცარავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„ევროპარლამენტმა დღეს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან “,- აცხადებს სოფიო ქაცარავა. მისივე თქმით, რეზოლუციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს, რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე.

,,რეზოლუციაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რაც ჩვენ ორპარტიულ რეზოლუციაში რამდენიმე თვის წინ​ ავსახეთ.  კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეზოლუციას განსაკუთრებით წელს,  რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“- აცხადებს ქაცარავა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.