სოფიო კილაძე - ვიმედოვნებ, მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ეკლესიისა და პატრიარქისთვის
სოფიო კილაძე - ვიმედოვნებ, მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ეკლესიისა და პატრიარქისთვის

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მიიღებენ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, ეკლესიისთვის, პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის.

ამის შესახებ სოფიო კილაძემ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

დეპუტატის განცხადებით, იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შეთანხმება შედგეს, ძალიან ბევრი სამუშაო შესასრულებელი.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დააბალანსებს სხვადასხვა მიმართულებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით.

ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად რთული საკითხია, ჯერ კონსენსუსის მიღწევა ძალიან გაჭირდა. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიისთვის, პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება.

სხდომას ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე  პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.