სოფიო კილაძე - ნინო გვენეტაძეს შეეძლო თუ პრობლემა ჰქონდა, ხმამაღლა დაეფიქსირებინა და რამდენჯერმე ასეც მოიქცა
სოფიო კილაძე - ნინო გვენეტაძეს შეეძლო თუ პრობლემა ჰქონდა, ხმამაღლა დაეფიქსირებინა და რამდენჯერმე ასეც მოიქცა

გარკვეული წრეები ხელოვნურ აპელირებას ცდილობენ, თითქოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ზეწოლის გამო გადადგა და არა იმ მიზეზით, რომელიც თქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძეს შეეძლო თუ რამე პრობლემა ჰქონდა, ხმამაღლა დაეფიქსირებინა და რამდენჯერმე ასეც მოიქცა.

„მან ერთი-ორჯერ ეს ძალიან საჯაროდ და ხმამაღლა დააფიქსირა კიდეც. ამიტომ არ მგონია, სხვა მიზეზი თუ ჰქონდა, ამის შესახებ საზოგადოებისთვის არ ეცნობებინა. ძალიან დამაჯერებელი არგუმენტი დაასახელა. შესაძლოა, ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს. ამაში ვერავითარ ქვეტექსტს ვერ ვხედავ. თუ გრძელვადიანი მკურნალობაა საჭირო, ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა გრძელვადიან შვებულებას ნამდვილად ვერ აიღებს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კითხვაზე, გვენეტაძის გადადგომა ე.წ. ციანიდის საქმეს ხომ არ უკავშირდება, კილაძე ამბობს, რომ აღნიშნული სპეკულაციაა.

„ამ ვერსიას, რომ რაღაც საფუძველი ჰქონდეს კონკრეტული ხელმოსაჭიდი გვჭირდება. ეს წმინდა წყლის სპეკულაციებია, რადგან ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რომელიც აღნიშნულ ვერსიას გაამყარებდა. აქედან გამომდინარე, საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ნინო გვენეტაძე სხვა მიზეზის გამო გადადგა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს, დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტს საერთოდ არ უხსენებია უმრავლესობა და მასთან კონსულტაციები, რაც არასწორია.

„პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რასაც კანონმდებლობა განუსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ არის პროვოცირება და კანონის უპატივცემულობა. თუ ადამიანი შედეგზე არის ორიენტირებული, ბუნებრივია, სასურველი იქნებოდა წინასწარი კონსულტაციები ჰქონოდა. ყველა ასეთ შემთხვევაში, როცა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღება, კონსულტაციები მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. აქედან გამომდინარე, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ასეთ ნაბიჯს ნამდვილად გადადგამდა“, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს.

 

 

 

დატოვე კომენტარი