სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობას მიმართავს, 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ
სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობას მიმართავს, 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ

საქართველოს პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინიციატივით მიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ეხება.

სოფიო ხორგუანის თქმით, 30 წლის შემდეგ მთელი ერი ერთსულოვნად უხდის მადლობას იმ ადამიანებს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო. მისი განცხადებით, თავისუფლების უსაზღვრო სურვილის, გამბედაობის, თავგანწირვის, თანადგომის ასეთი მაგალითი სათანადოდ არ არის დაფასებული.

„როცა ამ ადამიანებს მიენიჭებათ ეროვნული გმირის წოდება, მაშინ ნამდვილად შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ახალ თაობებს იმ მოვლენების შესახებ, რაც იყო და ამ ადამიანების შესახებ. ქვეყნები, სახელმწიფოები, ვისაც ასეთი ისტორიები არ აქვთ, იგონებენ ამ ისტორიებს, ლეგენდებს თხზავენ, რომ ასეთ მაგალითებზე აღზარდონ თაობები და ასეთი მაგალითების სწავლით გაზარდონ ერი. ჩვენ არაფრის მოგონება არ გვჭირდება“, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ხორგუანი თავის ინიციატივაში პრემიერს სთხოვს, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებას და ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს.