სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი უნდა დაიხვეწოს
სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი უნდა დაიხვეწოს

იურისტმა, სოფიო ხორგუანმა დღეს ევროპის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინიციატივები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონს უფრო ქმედუნარიანს გახდის.

მისი თქმით, ხმაურის შესახებ კანონი საქართველოში 2017 წელს მიიღეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება კვლავ დღის წესრიგში დგას.

„გასართობი დაწესებულებებიდან გამომავალი ხმაური ქალაქის ცენტრალურ თუ ისტორიულ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს დასვენების და მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ხორგუანმა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ხორგუანი თბილისის მერიას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს, მათ შორისაა პასუხისმგებლობის გამკაცრება, თუ პირველივე ეტაპზე ჯარიმა ვერ ზღუდავს სამართალდამრღვევს, გამოყენებული იყოს სხვა უფრო მკაცრი ზომები.

ასევე მისი თქმით, ხმაურის კონტროლზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, თავიანთი ინიციატივით უნდა ახდენდნენ კანონის ნორმებთან შეუსაბამო ხმაურის შემთხვევების გამოვლენასა და აღკვეთას.

ხორგუანი მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს სამართალდამრღვევის გამოვლენის მექანიზმი, საჯარო მოხელეს მიეცეს შესაძლებლობა, პრობლემა მოქალაქის შეწუხების (ბინაში შესვლის) გარეშე მოაგვაროს; რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებს უფრო მკაცრი ვალდებულების ხარისხში უნდა განესაზღვროთ ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ხმაურის დასაშვები ნორმების დაცვას, დაიხვეწოს ტექნიკური რეგლამენტი; ცალკე შეზღუდვები შეეხოს დასახლებულ უბნებში ღია ტერასების მუშაობის საათებს; საცხოვრებელ ზონებში ხმაურის დასაშვები ნორმები განისაზღვროს გარე პერიმეტრისთვისაც.

„გავარკვიოთ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ჰაერში ხმაურის გასაზომი სადგურების მოწყობა, რა ეფექტს მოგვცემს და ხმაურის კონტროლისა და პრევენციისთვის გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ხორგუანმა.

აღნიშნული ინიციატივები სოფიო ხორგუანმა მედიასაშუალებებს ხმაურით დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად წარუდგინა და თბილისის მერს, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ მიმართა. ამ ინიციატივებით, ხორგუანმა თბილისის მერიას ორი თვის წინაც მიმართა. მისი თქმით, მიიღო პასუხი, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და შეჯერებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტის დამტკიცებას ელოდება.