სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესების იგნორირებასა და მიწის უკანონოდ გასხვისებაში დაადანაშაულა.

მოსახლეობის თქმით, საძოვრები სოფელს 49-წლიანი იჯარით 2000 წელს გადაეცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა მოსახლეობის ნაწილს, საიჯარო ხელშეკრულება 2004 წელს გაუქმდა და მიუხედავად ამისა, 2012 წლამდე საიჯარო თანხას მაინც იხდიდნენ. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს აუქციონის წესით გაყიდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 ჰექტარი მიწის გასხვისება მათგან ფარულად მოხდა.

საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ბერდია გეზელიშვილმა, რომელიც აუქციონის წესით საძოვრის ნაწილი შეისყიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მმართველობის დროს მიწების მიტაცებაში დაადანაშაულა, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მართული და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ხალხის ინტერესების გამოყენება. თავად მათი მმართველობის დროს შეუწყვიტეს ამ ხალხს ხელშეკრულება და 2004-დან 2012 წლამდე ხალხს მიწის გადასახადს ისევ ახდევინებდნენ. მიწა სახელმწიფოსია და შესაბამისად, 2016 წელს 50 ჰექტრიდან 15 ჰექტარი მიწა გამოიტანა აუქციონზე გასაყიდად. ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერ ჩაერევა“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდეს აღნიშნული მიწის ფართობს საძოვრების სტატუსი, ხოლო შემსყიდველი თანახმაა, იგივე ფასში, რაც 2016 წელს გადაიხადა დაუბრუნოს სოფელს.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ზინობიანის მოსახლეობას საძოვრების გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი.