სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს
სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ.

მათი თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა. მოსახლეობამ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ხუთი წლის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

აქციის მონაწილეებთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი მივიდა. როსტომ სესიაშვილი აქციის მონაწილეებს ზინობიანის საძოვრების გასხვისების საკითხში გარკვევას და ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.