სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები აქციას მართავენ
სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები აქციას მართავენ

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. ამასთან, მიწის მესაკუთრემ სამართლებრივი დავა კერძო საკუთრებაში შეჭრის გამო დაიწყო.

მოსახლეობასთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მივიდა. შიოშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ კერძო დავაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა და ზეღდულელებს დავის სასამართლო გზით გაგრძელება ურჩია. მერის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალზე გადაინაცვლეს, საიდანაც გორის მერიასთან მისვლას გეგმავენ.

დავა მიწის ფართობზე უკვე წლებია, გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა არ დათანხმდა 20 ჰექტარი მიწის სოფლისთვის დაბრუნებაზე შეთავაზებას. ადგილობრივები 2008 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და პროტესტს გააგრძელებენ. საუბარია 75 ჰექტარზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.