სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში 17 თებერვალს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 1997 წელს დაბადებულ, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევ ნ. ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმად 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

პარალელურად, პროკურორის მოთხოვნით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რადგან გამოძიება ეჭვობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი იყო, რადგან დანაშაულის სხვა რეალური მოტივი ამ ეტაპზე არ ვლინდება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი