სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს.

დატოვე კომენტარი