სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე თავად გაიტანს, სოციალურად დაუცველებს კი, სურსათი დაურიგდებათ
სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე თავად გაიტანს, სოციალურად დაუცველებს კი, სურსათი დაურიგდებათ

სოფელ ყარაჯალარში საპროტესტო აქცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილს შორის შეთანხმებით დასრულდა.

გადაწყდა, რომ ადგილობრივები მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოფელში სურსათი დარიგდება.

„ძირითადი პრობლემები, რაც მასიურად აღელვებთ, ეს არის ადგილობრივი მოსავალი, მწვანილი. მოსავალი გააქვს დისტრიბუციას ორგანიზებულად, მაგრამ მოსახლეობას უკმარისობა აქვს, რომ დაბალ ფასში აბარებენ. ახლა კომუნიკაციაში ვარ და დავადასტურებთ დაპირებას, რაც მივეცით, რომ აქედან ორგანიზებულად, დაახლოებით 10 სატვირთო ავტომანქანა გავა ადგილობრივებით. ჩააბარებენ სწრაფ ტესტს ახალ კორონავირუსზე, მათ გააცილებს პატრული ნავთლუღის ბაზარში და, როგორც მოსახლეობის სურვილია, პროდუქციის რეალიზება ე.წ. პირველი ხელიდან მოხდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, მეორე საკითხია, რომ ხალხი ვერ მუშაობს და შემოსავალიც შეუმცირდათ.

„ბუნებრივია, გვინდა ეს გამოწვევაც მოკლე ვადაში დავძლიოთ. დაახლოებით 85 სოციალურად დაუცველი ოჯახია სოფელში. ამისთვის თადარიგი დაჭერილი გვქონდა, შემოვა პროდუქტი და პირველ რიგში, ვისაც ეკონომიკური გაჭირვება აქვს, სასურსათო პროდუქტებით დავეხმარებით. დანარჩენი, საინკუბაციო ვადა არის ორი კვირა, რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი, როგორ დავაჩქაროთ პროცესები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის ჩაკეტვა ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უაყოფითად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი, დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.