სოფელ წინარეხში მდებარე წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ წინარეხში მდებარე წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ წინარეხში მდებარე ადრე შუა საუკუნეების წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელიც აშენებულია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით.

„გამოყენებულია ფიქალიც. გამოირჩევა სამი სამშენებლო დონე: პირველი ეკლესიის მშენებლობის, შემდეგი გვიან შუა საუკუნეების, რომლის დროსაც ეკლესიის აღდგენისას კარის თაღი და სარკმლები ამოყვანილია აგურით და მესამე მეოცე საუკუნის, როცა კიდევ ერთხელ აღდგა და დაიხურა ტაძარი. ნაგებობა ფერდზე დგას, რის გამოც, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ცოკოლზეა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი აღდგენის დროს თაღოვანი გაუკეთებიათ. თაღი აგურითაა გამოყვანილი. ტაძარი განათებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლებით. აბსიდან ნახევარწრიულია და დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია, ჩრდილოეთის სწორკუთხაა, სამხრეთის კი პირამიდული თავსართით ბოლოვდება. საკურთხევლის კედელთან ტრაპეზის ქვაა, რომელსაც შუაში წრიული გახვრეტი აქვს. მსგავსი ფორმის ქვა, ოღონდ ოთხკუთხა ნახვრეტით საკურთხევლის ამბიონის ჩრდილოეთითაც დევს. აბსიდა კონქით სრულდება, რომელიც მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზს დაბალი საფეხური შემოსდევს. კამარა ორ შეკიდულ და მუზარადისებურ თაღს ეყრდნობა. კედლისა და კამარა-კონქის გადაბმის ხაზზე ტაძრის ყველა მხარედ კვადრატული ფოსოებია დატოვებული. იატაკი ქვაფენილია“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.