სოფელ უჯარმის მე-13 უბანზე, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი იყრის კენჭს, ხმის მიცემა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
სოფელ უჯარმის მე-13 უბანზე, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი იყრის კენჭს, ხმის მიცემა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო ოლქში შემავალი სოფელ უჯარმის მე-13 საარჩევნო უბანზე, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი იყრის კენჭს, ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილმა განუცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. უბანზე 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„12:00 საათის მონაცემებით, მოქალაქეთა აქტივობა 35,74 პროცენტია. ეს გასულ არჩევნებთნ შედარებით მაღალი მაჩვენებელია“, –  განაცხადა მღებრიშვილმა.

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისა და მარკირების პროცესს აკვირდებიან პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოფელ უჯარმის საარჩევნო უბანზე ამ დრომდე დარღვევების შესახებ საჩივარი არ დაწერილა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.