სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სამი პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება
სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სამი პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანიდან თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ამ დროისათვის სამი პაციენტი რჩება. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

გუშინ თელეთთან მომხარი ავარიის შედეგად აღნიშნულ კლინიკაში სულ რვა პაციენტი შევიდა, აქედან ხუთი უკვე გაეწერა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადმოყვანილი იქნა რვა პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ გამოკვლევები და გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. ამ პაციენტებისგან ხუთი უკვე გაწერილია და სამი აგრძელებს მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. ამ სამი პაციენტიდან ორი იმყოფება რეანიმაციაში, ხოლო ერთი რჩება მიმღებში და არის ექიმების დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ანო გოგიჩაძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 20 პაციენტიდან რვა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა გადაყვანილი, სამი – საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოში, ორი – ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი პაციენტი „პინეოში“ გადაიყვანეს, სამი – გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი