სოფელ საყულიაში ირაკლი მუკბანიანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
სოფელ საყულიაში ირაკლი მუკბანიანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

სოფელ საყულიაში ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია იმართება.

სოფლის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებლები და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.

მათი თქმით, ირაკლი მუკბანიანის გათავისუფლებას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრისგან სოფელში ჩასვლასა და იქ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლების მოთხოვნაა, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებმაც, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპოლიციო ძალებს სოფელ საყულიაში შესვლისა და აღნიშნული პირების დაკავების საშუალებას არ მისცემენ.

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის 29 მაისს, გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.