სოფელ რუხში ადგილობრივებმა აქცია გამართეს
სოფელ რუხში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ლიცენზია შეუჩერდეს ენგურის სანაპიროზე ქვაღორღის მომპოვებელ კომპანიას.

ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე მიმართა ხელისუფლებას და ამავდროულად, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კარიერის მუშაობის აკრძალვის მოთხოვნით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ კომენტარი გააკეთა რუხის მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ქვაღორღის მომპოვებელ კომპანიასთან. შენგელიას ინფორმაციით, კომპანიამ მერიის თხოვნით დროებით შეაჩერა სამუშაოები, ვიდრე მოსახლეობასთან არ იქნება მიღწეული კონკრეტული შეთანხმება.

მერი აცხადებს, რომ კომპანია სრულიად კანონიერად აწარმოებს ადგილზე ქვაღორღის მოპოვებას. ამავდროულად გიორგი შენგელიას მიაჩნია, რომ მოსახლეობის მოთხოვნა ლეგიტიმურია და მერია შეეცდება ისე მოაგვაროს ეს პრობლემა, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

რუხის ტერიტორიაზე ქვაღორღის მომპოვებელ კომპანიაზე ლიცენზია 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გაცემული და მათ 22 ჰექტარზე აქვთ მუშაობის უფლება.