სოფელ რუისპირში 5 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სოფელ რუისპირში 5 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.