სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს
სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან დღეს გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა პირველ არხს განუცხადა,  სუს-ის წარმომადგენლების მიერ პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში.

„2018 წლის 6 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეს მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან იქნა გათავისუფლებული. როგავა  2017 წლის 5 აპრილს სოფელ რიყეს მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის კვეთის და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით მას 2 წლით და 6 თვით ჰქონდა „მისჯილი“ პატიმრობა. სუს-ის წარმომადგენლების მიერ პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში. პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, – აცხადებენ სუს-ში.

რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, გასული წლის ბოლოს ასევე, გაათავისუფლეს პაატა როგავას მამა არჩიკო როგავა. მამა-შვილი, არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, ზუგდიდის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე შარშან, 6 აპრილს დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ არჩიკო როგავას 2 წლით, ხოლო მის შვილს, პაატა როგავას 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.