სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო
სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქვაციხის ჩაის თაიგული“ 12 ჰექტარზეა გაშენებული და პლანტაციაში ჩაის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს.

კოოპერატივმა ქართული ჩაის აღორძინება ოთხი წლის წინ სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და ამავე პროგრამის დაფინანსებით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა თანამედროვე მინიფაბრიკა, რომლის დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის შავ ჩაის აწარმოებს.

ასევე, აღნიშნულმა კოოპერატივმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვა, რის შედეგადაც ევროკომისიისგან 10 000 ევრო გადაეცა გრანტის სახით. აღნიშნული თანხით კი კოოპერატივმა ერთჯერადი დასაფასოებელი დანადგარი შეიძინა.

ქართული ჩაის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მინიფაბრიკა ააშენა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით ხდება ნედლეულის გადამუშავება. 2020 წელს ხუთი ტონა მზა პროდუქტის მიღებას ელოდებიან, ეს დაახლოებით 24 ტონა ნედლეულის მიღებაზეა გათვალისწინებული. ამ დროისთვის საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება და კიდევ დამატებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

რაც შეეხება მზა პროდუქციის წარმოების მიმართულებას, „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ხელმძღვანელების განცხადებით, მომავალში გათვალისწინებულია მწვანე ჩაის დამზადება, ასევე შეძენილი აქვთ სპეციალური დანადგარი როილერი, რომლის მეშვეობითაც აპირებენ ნატურალური საბავშვო ჩაის წარმოებას.