ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ქარძმანში ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]

ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ქარძმანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლის სწრაფი გავრცელების საშიშროებისა და მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობით, ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით, აქტიური კომუნიკაცია შედგა ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის.

შედეგად, სოფელ ქარძმანის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივების დახმარებისა და ხანძრის ლოკალიზების მიზნით, საოკუპაციო ხაზთან, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მოხდა ქართული სახანძრო-სამაშველო ძალებისა და პოლიციის მობილიზება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ძლიერი, ღია ცეცხლის კერის შედეგად ხანძრის, მიმდებარე შენობებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მყისიერად მოახდინეს.

ადგილზე, მობილიზებული იყო ორი სამაშველო ჯგუფი და 11 მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.