სოფელ პატრიკეთის სასათბურე მეურნეობიდან დღეს 13,5 ტონა მწვანილი ექსპორტზე გავიდა
სოფელ პატრიკეთის სასათბურე მეურნეობიდან დღეს 13,5 ტონა მწვანილი ექსპორტზე გავიდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, საიდანაც დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში არის დაფუძნებული და ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ფუნქციონირებს.

როგორც სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელმა განაცხადა, პანდემიის ფონზე, მათ საქმიანობა არ შეუჩერებიათ და დაახლოებით 30-მდე თანამშრომელი აქტიურად მუშაობს.

ადმინისტრაციის ცნობით, სასათბურე მეურნეობა, რომელიც 8.5 კვ/მ-ზეა განთავსებული, ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, ზამთრის სეზონზე მოჰყავთ მწვანილი, ზაფხულის სეზონზე კი, კიტრი და პომიდორი, რომელიც ასევე ექსპორტზე გადის.

ამ დროისთვის სატვირთოებში 13,5 ტონა მწვანილის ჩატვირთვა მიმდინარეობს, რომლებიც სოფელს დღის ბოლოსთვის დატოვებენ.

როგორც აღნიშნულ საწარმოში ყოფნისას ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სახელმწიფო აქტიურად წაახალისებს იმ მეწარმეებს, რომელთაც მუშაობა არ შეუჩერებიათ და აქტიურად საქმიანობენ.