სოფელ ომალოში, უბანზე ამომრჩეველმა კომისის წევრებს კექსი და ყვავილები მიართვა

პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოს 24-ე საარჩენო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, დანო თურქოშვილმა კომისის წევრებს კექსი და ყვავილები მიართვა. მან  საარჩევნო უბანზე მყოფებს ლექსიც წაუკითხა.

როგორც თურქოშვილმა განაცხადა,  ამ ჟესტით საარჩევნო უბანზე მომუშავეთა მიმართ პატივისცემა გამოხატა, რასაც  ყოველ არჩევნებზე აკეთებს.

უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. ამასთან, თავმჯდომარე საჩუქრის მიღებას უარყოფს.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი ხუთ სოფელს მოიცავს – ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი, ასევე დუმასტური და ომალო.

ორ საარჩევნო უბანზე სულ 1220 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.