სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაჭრეს
სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით მეგობრებმა ავტომანქანაში მოათავსეს, თუმცა სოფელ აწყურთან მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან.

დაჭრილი მამაკაცი ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მამაკაცს ცივი იარაღით მუცლის, მკლავისა და ზურგის არეში მიყენებული აქვს შემავალი ჭრილობები და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.