სოფელ ნახიდურში ინციდენტისას დაშავებულ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს თავის არეში ჭრილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება
სოფელ ნახიდურში ინციდენტისას დაშავებულ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს თავის არეში ჭრილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ერთ-ერთი პირი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი აწყვერელი მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, მას თავის არეში ჭრილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

„პაციენტმა მომართა კლინიკას თვითდინებით. ღია ჭრილობით თავის არეში. მოთავსდა ეარის განყოფილებაში. კონსულტირებულია ქირურგის მიერ. ჭრილობა დამუშავდა, გაიკერა. გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. გრძელდება მონიტორინგი“, – განაცხადა კლინიკის მიმღების მორიგე ექიმმა, ნინო გოგიძემ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის შტაბის ინფორმაციით, ინციდენტის დროს „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაშავდა, რომლებიც სახლებში მკურნალობენ. მათ ჭრილობები თავის არეში აქვთ მიყენებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.