სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ
სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ

რამდენიმე საათია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ცხრა ჯგუფი მუშაობს, შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი, ადგილობრივი. სოფელში 600-მდე საკვლევი მასალის აღებაა დაგეგმილი. სულ მუშევანში 250 ოჯახი ცხოვრობს. დღევანდელი ტესტირება ფაქტობრივად მთელ სოფელს მოიცავს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოფელში იმყოფებოდა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც ტესტირების პროცესს დააკვირდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახსოვთ, საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანებულია. სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში გვაქვს 60-მდე კოვიდ დადებითი შემთხვევა. ყველაზე დაზიანებულია ბოლნისი და მუშევანი. 55 შემთხვევაა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანილი. 60-მდე ადამიანი კარანტინშია.

გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა, მაგრამ დამყოლობა იყო რთული. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ ბევრი იმუშავეს. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს. ჩატარდა სერიოზული სამუშაო. ცხრა ბრიგადა მუშაობს. ვიყავი მისული. მოსახლეობა უკვე კმაყოფილებას გამოთქვამს. დამყოლობა იყო კარგი. 556 ადამიანს აუღეს სინჯი. ხვალ დღის ბოლომდე იქნება აღებული სინჯები, სულ 575 სინჯს ავიღებთ. მოვიცავით მთელი სოფელი. იმის მიხედვით, როგორი პასუხები იქნება, გადაწყდება, თუ რა ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მუშევანი 25 აპრილიდან წითელი ზონაა და ჩაკეტილია.

დატოვე კომენტარი