სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 74 კონტაქტის ნიმუშს შეისწავლიან
სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 74 კონტაქტის ნიმუშს შეისწავლიან

ლუგარის ლაბორატორიისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს, რაზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 74 კონტაქტის ნიმუშს შეისწავლიან.

„გუშინ განხორციელდა ეპიდემიოლოგების მიერ ეპიდკვლევა. დადგენილი იქნა კონტაქტები, აუდიტორია, საიდანაც უნდა მომხდარიყო დღეს ნიმუშების აღება, შესაბამისად გეგმისამებრ გავედით სოფელ მუშევანში და მოხდა ნიმუშების აღება. ველოდებოდით უფრო მეტი ნიმუშის აღებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღებული არის სოფელ მუშევანიდან 74 ნიმუში, რაც დაგვანახებს კიდევ ერთხელ სრულ სურათს, რაც ხდება საერთოდ ამ სოფელში“,- განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

პარალელურად, ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ გეტაშიც დაინფიცირებული 82 წლის მამაკაცის კონტაქტების მოძიებაზე და ინფიცირების წყაროს დადგენაზე, რაზეც ეპიდემიოლოგებს რამდენიმე ვერსია აქვთ.

„პაციენტმა მიმართა „ცხელების კლინიკას“, იქიდან მოხდა ნიმუშის აღება და მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. არის ახალი სოფელი, ანუ ამ სოფელში შემთხვევა აქამდე არ გვქონია. დღეს ვიყავით გასულები ეპიდმოკვლევაზე. დადგენილია ოჯახის კონტაქტები და ირგვლივ მყოფი, ძირითადად მაღაზიის კონტაქტები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ გეტადან ნიმუშების აღება”, – აცხადებს მამარდაშვილი.