სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი, რომელთაც გუშინ ღამით და დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ვირუსი დაუდგინდათ, სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირები ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

სოფელ მუშევანის კლასტერთან ამ დროისთვის 54 დადასტურებული შემთხვევა არის დაკავშირებული. დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

„ამ ორი დღის განმავლობაში აღებული ნიმუშებიდან დადებითია რვა შემთხვევა, რვავე ეკუთვნის მუშევანს, ყველა პაციენტი ამ ეტაპისთვის უკვე გადაყვანილია სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში. რაც შეეხება დღევანდელ არსებულ სიტუაციას, მოკვლეულია კონტაქტები, გადამოწმდება, ვის აქვს ტესტი გაკეთებული და ვის არა. თუ არის გამორჩენილი ვინმე, მოხდება მათი ნიმუშების აღება“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს ნიმუშების აღება ქალაქ ბოლნისში და სოფელ რაჭისუბანში.

„ასევე, გადავინაცვლებთ სოფელ ხატისოფელში. უკვე გადის ორი საინკუბაციო პერიოდი და გარდა თერმოსკრინინგისა, აგრეთვე გვინდა, რომ გვქონდეს „პისიარ“ კვლევის შედეგები, რომლის საშუალებითაც, მოგვეცემა უფლება, რომ რეკომენდაცია გავცეთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებაზე, იზოლირებული სოფლების გახსნაზე და თვითონ, მუნიციპალიტეტის გახსნაზე.

ბოლო პერიოდში, ქალაქ ბოლნისში არის უარყოფითი პასუხები კორონავირუსზე, გარდა ამ ორი სოფლიდან, გეტადან და მუშევანიდან აღებული ტესტებისა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

ბოლნისში კორონავირუსის 160 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან პაციენტი 66 გამოჯანმრთელდა, სამი პირი კი, გარდაიცვალა.