სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.

„ნასვამი ვიყავი, ავღელდი და დავარტყი, არ მინდოდა მისი მოკვლა, შეშინება მინდოდა,” – განაცხადა პროცესზე ბესო ტაკიძემ.

დაკავებული და ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულსა და მოკლულ ბუტა ანთაძეს შორის ურთიერთობა რამდენიმე წელია დაძაბული იყო. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაკავებული ნასვამი იყო, ის არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას, ხელი არ შეეშალა ხის გადატანის პროცესისთვის, ზურგიდან მიეპარა პოლიციელს და სასიკვდილო ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა.

შემთხვევა 15 ივნისს სოფელ მუხაესტატეში, 03:00 საათზე მოხდა. 27 წლის ადგილობრივმა სამმართველოს პოლიციის უფროსს ბუტა ანთაძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზე გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 აგვისტოს ჩაინიშნა.