სოფელ მოხისის მოსახლეობამ აქცია გამართა
სოფელ მოხისის მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ მოხისის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ისინი აუქციონის წესით მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელ მოხისში 28 ჰექტარი 5-წლიანი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ. ვადის გასვლის შემდეგ მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, მიიღეს თანხმობა და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნეს დოკუმენტაცია ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით გასხვისდა შპს „აგროინდუსტრიაზე“. ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას უკანონოდ მიიჩნევენ, მიწების დათმობას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ამ ფართობის დამუშავების საშუალებას სხვას არ მისცემენ.

„მიწები უცხოებზე არ უნდა გაიყიდოს, სოფელში უნდა დარჩეს. იჯარით გადმოგვცენ, შესყიდვაზეც თანახმა ვართ, ოღონდ ისეთ ფასად, რომ შევწვდეთ. გლეხმა მიწაა თუ არ დაამუშავა და მოსავალი არ მოიყვანა, ასფალტზე რა ვაკეთოთ“, – აცხადებს ადგილობრივი მამუკა კვალიაშვილი.