სოფელ მოხისის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ და აუქციონის წესით გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ
სოფელ მოხისის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ და აუქციონის წესით გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის მცხოვრებლები აუქციონის წესით მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ადგილობრივები დღეს სოფელში შეიკრიბნენ.

როგორც ამბობენ, სოფელ მოხისში 28 ჰექტარი ექვს ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ.

მათივე განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართეს, ასევე წერილი გააგზავნეს ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მიწის ფართობი აუქციონის წესით შპს „აგროინდუსტრიაზე“ გასხვისდა.

ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ფართობის დამუშავების საშუალებას სხვას არ მისცემენ.

„ვითხოვთ, მიწა, რომელსაც ჩვენ 1997 წლიდან ვამუშავებდით, ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს. აუქციონი ისე გამოაცხადეს, ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ იჯარის გაგრძელების მოთხოვნით ქარელის მერიას გასულ წელს წელს მივმართეთ და თანხმობა მივიღეთ. ჩვენი მოთხოვნა მერიიდან ეკონომიკის სამინისტროში გადაიგზავნა, თუმცა, აუქციონი ისე გამოცხადდა, რომ არავის არაფერი უთქვამს. მიწის ფართობის შესყიდვაზეც თანახმა ვართ, ოღონდ, ისეთ ფასად, რომ შევწვდეთ. გლეხმა მიწა თუ არ დაამუშავა, როგორ იცხოვრებს. კომპანიის, რომელმაც ეს მიწა შეიძინა, მფლობელები არიან ჯონდო ნანეტაშვილი და ვაჟა გორგიაშვილი. ნანეტაშვილის ძმა მინისტრის მოადგილეა, მაჟორიტარის ძმა კი სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩვენ რას გავხდებით. მოვიდა მაჟორიტარი ზაალ დუგლაძე, გვთავაზობენ ალტერნატიული ფართობის მოძიებას. სოფელში ასეთი მიწები არაა, არ დავთმობთ ამ მიწებს“, – აცხადებს ადგილობრივი ალექსანდრე სვიანაძე.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ზაალ დუგლაძე აცხადებს, რომ მიწა კანონიერად არის გასხვისებული და გამოსავალი მოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზებაა.