სოფელ მარელისთან მეწყერის შედეგად საავტომობილო ხიდი და ლიანდაგი დაზიანდა, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა
სოფელ მარელისთან მეწყერის შედეგად საავტომობილო ხიდი და ლიანდაგი დაზიანდა, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა

უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მეწყერის შედეგად რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი დაზიანდა. როგორც საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.

მომხდარის გამო სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

„გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, – აღნიშნულია რკინიგზის საინფორმაციოში.