სოფელ კისისხევის მოსახლეობამ თელავი-გურჯაანის გზა ერთი საათით გადაკეტა
სოფელ კისისხევის მოსახლეობამ თელავი-გურჯაანის გზა ერთი საათით გადაკეტა

ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზა სოფელ კისისხევთან.

სოფელ კისისხევის მოსახლეობა საპროტესტო აქციას ამ წუთებში მართავს და ოთხი თანასოფლელი ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებსაც თელავის სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინციდენტი სამი წლის წინ მოხდა, როდესაც ქუჩაში მიმავალი ორი ახალგაზრდა ქუჩაში პოლიციელმა საეჭვოდ მიიჩნია და განყოფილებაში გადაყვანა დაუპირა, რაც, მათივე თქმით, პირველი შემთხვევა არ იყო. აღნიშნულ სიტუაციას შეესწრო კიდევ სამი ახალგაზრდა, რომლებმაც, აქციის მონაწილეების განცხადებით, სიტყვიერად გააპროტესტეს პოლიციელის მოთხოვნა, რასაც სამართალდამცველის მხრიდან დამატებითი ძალების გამოძახება და ოთხივე ახალგაზრდის დაკავება მოჰყვა.

როგორც დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები ყვებიან, დაკავებისას სიტუაცია თავად პოლიციელმა დაძაბა. ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოთხივე ახალგაზრდა გაათავისუფლეს და გამოძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი სასამართლოზე ყველა მათგანს ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელმაც ამ წუთისთვის გზის გახსნა მოახერხა და მოძრაობა აღდგა.