სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახს ჯარიმის გადახდა არ შეუძლია
სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახს ჯარიმის გადახდა არ შეუძლია

სოფელ კირბალიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახი ჯარიმის სახით დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდას ვერ ახერხებს.

როგორც პირველ არხს სამხარაძის მეუღლემ განუცხადა, მათი ინფორმაციით, ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოჯახი სამართალდამცავების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მამუკა სამხარაძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავება.

უკანონოდ დაკავებული მამუკა სამხარაძის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ოკუპირებულ ცხინვალთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

რუსმა სამხედროებმა 39 წლის მამუკა სამხარაძე სოფელ კირბალთან ტყეში დააკავეს, სადაც ის ფიჩხის მოსატანად იყო წასული.

სოფელი კირბალი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება და ტყეის დიდი ნაწილი, სადაც მოსახლეობა შეშის მოსატანად მიდის, ოკუპირებულია.